“ვარჯიში 41 წლის ასაკში დავიწყე, ახლა 52 წლის ვარ.. მყავს შვილი და შვილიშვილები” – მაკა ხიზანიშვილის უცნობი ამბები

“ვარჯიში 41 წლის ასაკში დავიწყე, ახლა 52 წლის ვარ.. მყავს შვილი და შვილიშვილები” – მაკა ხიზანიშვილის უცნობი ამბები

მაკა ხიზანიშვცილის ერთი წლის წინანდელი ინტერვიუ “თბილისილებთან: : “შვიდი წლის ასაკში შემიყვანეს ცურვაზე, 14 წლამდე ვცურავდი. „ლაგუნას“ დირექტორმა წყალბურთში ქალთა ნაკრები ჩამოაყალიბა და იქ გადავედი. გავხდი საქართველოს გუნდის კაპიტანი და ორჯერ მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ასე რომ, ფიტნესამდეც ვიყავი სპორტში. 17 წლიდან ტრენერად ვმუშაობდი ბავშვებთან. მერე საკუთარი ბიზნესი დავიწყე, 13 წლის განმავლობაში ქალისა და მამაკაცის თეთრეულის ქსელი მქონდა. 41 წლის ასაკში, გარკვეული პრობლემების გამო, დამეწყო დეპრესია და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, მევარჯიშა. მყავს ტრენერი, რომელიც დაწყების დღიდან მავარჯიშებს, სწორედ მისი დამსახურებაა ჩემი თითოეული წარმატება. ახლა ვხდები 51 წლის, მყავს 30 წლის შვილი და შვილიშვილები.

– ბოდიფიტნესი საქართველოში ნაკლებად განვითარებული სპორტია, რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი? რომელი საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებული ხართ?

– ჩვენთან ნამდვილად ნაკლებადაა განვითარებული. ოფიციალურად სულ რამდენიმე ქალი ვართ ამ სფეროში. ვარჯიში დეპრესიის მოსახსნელად დავიწყე. ტრენერმა, დაახლოებით, ექვსი წლის მერე მითხრა: კარგ ფორმაში ხარ, ცოტა მოვემზადოთ და შეჯიბრებაზე გადიო. მეც დავთანხმდი. მაშინ პირველად გამოვედი „ფიტნეს-ბიკინზე“ და ბოლო ადგილი ავიღე, შემდეგ გამოსვლაზე მეოთხე ადგილი დავიკავე, რადგან „ბიკინთან“ შედარებით დიდი კუნთები მქონდა. წესის მიხედვით, ბიკინს არ უნდა ჰქონდეს ისეთი პრესი, როგორიც მე მაქვს. 47 წლის ვიყავი, როცა პირველად სცენაზე გავედი. ამის შემდეგ გადავწყვიტე ბოდიფიტნესში გადავსულიყავი. რაც შეეხება საერთაშორისო შეჯიბრებებს, უკრაინაში მივიღე ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობა და მერე გადავედი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერაციის მიერ დაგეგმილ კონკურსზე. 2019 წელს გავხდი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი აშშ-ის მიერ გამართულ საერთაშორისო ტურნირზე Muscle worlds NPS body fitness-ის მიმართულებით. ეს არ იყო ასაკობრივი კონკურსი, პატარა გოგონებთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას და ჩემპიონობა მოვიპოვე. ახლა, ოქტომბერში, კიდევ ერთი შეჯიბრება მაქვს.

– რის გამო დაგემართათ დეპრესია, რამაც ვარჯიშის დაწყებისკენ გიბიძგათ და რამდენად რთულია სპორტის ეს სახეობა?

– რთულია იმიტომ, რომ დიდი ნებისყოფა და მონდომება სჭირდება. მიზანი უნდა გქონდეს და ასევე, კარგი ტრენერიც აუცილებელია. დეპრესია მქონდა. როგორც უკვე გითხარით, წლების განმავლობაში საკუთარი ბიზნესი მქონდა, რომელიც გაკოტრდა. სწორედ ამის გამო დამემართა დეპრესია.
დავიწყე დამამშვიდებელი წამლის დალევა, მერე ჩემმა მეგობარმა, ვისთან ერთადაც წყალბურთს ვთამაშობდი, მითხრა, რომ ფიტნესი მიშველიდა. რეალურად ასე აღმოვჩნდი ფიტნესში.

– განსხვავებული აღნაგობა გაქვთ, რა რეაქცია აქვს საზოგადოებას?

– ქუჩაში ყველა მიყურებს, ამბობენ ხოლმე: „რა ჯანზეა“, „რა კუნთები აქვს“ და ასე შემდეგ, ზოგს კაცი ვგონივარ. ახლახან MMM GEORGIA-მ სოციალურ გვერდზე დადო ჩემი ფოტო და მსოფლიო ჩემპიონებზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. მაგრამ ეს ჩემთვის რეკლამაა. საქართველოში ისეთ ტანზე, როგორზეც მე ვარ, ქალი კი არა და ბევრი მამაკაციც არ არის. ქართველების თვალი არაა მსგავსი აღნაგობის სხეულს მიჩვეული, ამიტომ უჭირთ აღქმა. ახლობლები თავიდან გაგიჟდნენ, ახლა უკვე მიეჩვივნენ. სიმართლე გითხრათ, აღარ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის, „ვკაიფობ“ ხოლმე მათ კომენტარებზე. ამ ყველაფერს ყურადღება რომ მივაქციო, მაშინ აღარც უნდა ვივარჯიშო. კარგია, როცა განსხვავებული ხარ.

– ანუ, გამოდის, რომ ნებისმიერ ასაკში არის ფორმების შეცვლა შესაძლებელი?

– ნებისმიერ ასაკში შეგიძლია, სასურველ ტანზე დადგე, არანაირი პრობლემა არ არის. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად წლები განსაზღვრული არ არის – ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ თქვენი ფორმების გალამაზება, ოღონდ ტრენერია აუცილებელი, სწორი მიმართულება რომ მოგცეთ. მთავარი კი სურვილი და მონდომებაა. თუ, მიზანს დაისახავთ, აუცილებლად მიაღწევთ. ასაკი არაფერ შუაშია, „ლაგუნაზე“ ვავარჯიშებდი 82 წლის მამაკაცს. ჩემთან ყველა დადის, განურჩევლად ასაკისა. მინდა, სტიმული ვიყო იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ 40 წელზე ზემოთ ვარჯიში აღარ შეუძლიათ.

– როგორ შეიცვალა თქვენი სხეულის ფორმები?

– დღეს სულ სხვა სხეული მაქვს. მოცურავეებს საჯდომი საერთოდ არ აქვთ და მაშინ ბევრად მსუქანიც ვიყავი. ახლა კი ჩემი აღნაგობა და სხეულის ფორმები რადიკალურად შეიცვალა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *