“თვალს ვერ მოწყვეტთ” – დაათვალიერეთ ბაია დვალიშვილის მყუდრო ბინა

“თვალს ვერ მოწყვეტთ” – დაათვალიერეთ ბაია დვალიშვილის მყუდრო ბინა

სახლი, სადაც მსახიობი ბაია დვალიშვილი ცხოვრობს, ვაკის პარკს გადაჰყურებს. სადარბაზოს კართან მისი დედის, ასევე ყველასთვის საყვარელი მსახიობის მარინე თბილელის მემორიალური დაფაა. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 1957 წელს აშენდა, 4 წელიწადში კი ბაია დაიბადა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მსახიობის სახლის ზღრუბლზე მისულებს, პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, პეპლებით სავსე კარი იყო. ბუნებრივია, პეპლების ისტორიით დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ პირველი პეპელა ბაიას მაშინ მიუკრავს კარზე, როცა მისი შვილი მაკრინე სკოლაში პირველად წავიდა, იფიქრა, რომ შინ დაბრუნებულს გაახარებდა და კარი გააფორმა. მას შემდეგ უამრავმა პეპელამ „დაიდო ბინა“ კარზე და ამვლელ-ჩამვლელსა თუ სტუმრად მისულ ადამიანს კარიდანვე პოზიტიურ განწყობას უქმნის.

როგორც კი შინ შეხვალთ და თვალს მოავლებთ ინტერიერს, მაშინვე მიხვდებით, რომ აქ დიდი ისტორიის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ და მოსაყოლ-გასახსენებელიც ბევრი აქვთ.

ბაია:
– ეს კორპუსი 1957 წელს აშენდა და 4 წელიწადში გავჩნდი მე. მას შემდეგ სულ აქ ვარ. გარკვეული პერიოდი მეუღლის არაჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც ხშირად მესიზმრება, ძალიან საინტერესო და ლამაზი ბინა იყო, მაგრამ 90-იან წლებს შეეწირა და მას შემდეგ ისევ აქ დავბრუნდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი მეუღლე და მე ერთად ვცხოვრობდით, შემდეგ მაკრინე შემოგვემატა და დღემდე ამ სახლში ვართ. მგონია, რომ ვერსად სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. აქ იმხელა ბიოგრაფია, ისტორია, მოგონება, ამბავი დევს, წარმოუდგენელია ჩემთვის სხვაგან გადასვლაზე ფიქრიც კი. რაც შეეხება ნივთებს, ჩვენ ანტიკვარები არ გვაქვს და არც მიყვარს, ანტიკვარულ მაღაზიაშიც კი ცუდად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ცრუმორწმუნე არ ვარ. უბრალოდ, არ მსიამოვნებს, მირჩევნია, ჩემით შევქმნა ნივთი და მისი ისტორიაც. საზღვარგარეთაც რომ დავდივარ, გასტროლი იქნება თუ ტურისტული მოგზაურობა, ვიძენ იმას, რაც ჩემთვის საინტერესოა, შემდეგ კი მოგონებად იქცევა. ბევრი რამ, რასაც აქ ხედავთ, ჩემი შექმნილი ან რესტავრირებულია, მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული, ან ჟურნალიდან გადმოტანილი.

90-იანებში, როცა მართლა არსად არაფერი ხდებოდა, მსახიობმა თოჯინების კეთება დაიწყო. იპოვა საქმე, რომლითაც მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება და იმ გაჭირვების ჟამს შემოსავლის წყაროდაც აქცია.გაგრძელება

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *