31 წლის ნიჭიერი მომღერლის, ლევან კბილაშვილის გარდაცვალებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. უამრავმა ადამიანმა გულწრფელი ემოცია და სამძიმარი გამოხატა. სოციალური ქსელი ლევანის ფოტოებით და მისი ვიდეოებით გადაივსო…
ბევრმა სინანული იმის გამოც გამოთქვა, რომ ეს ნიჭიერი მუსიკოსი სიკვდილის შემდეგ გაიცნო. მას საქართველოში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება არ მიეცა, რაც მართლაც დასანანია…
როდის დაკრძალავენ და სად გაიმართება ლევან კბილაშვილის პანაშვიდი, ამ და სხვა დეტალებზე ლევანის მეგობარი, მუსიკოსი დათო ლონდარიძე საუბრობს:
„სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ბევრმა ადამიანმა ლევანი სიკვდილის შემდეგ გაიცნო და ამაზე სულ იყო ხოლმე საუბარი, რომ ლევანს და მის შესაძლებლობებს ჩვენში მასობრივად არ იცნობდნენ. “ჯეოსტარის” პერიოდში ის საზოგადოებამ რაღაც დოზით გაიცნო, მაგრამ მერე ის სხვა მიმართულებით განვითარდა. რამდენიმე წელიწადი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იურიდიული განათლება ჰქონდა და საერთოდ, ოჯახში თითქმის ყველა იურისტი ჰყავს – მშობლები, ძმა. ამ პროფესიის არჩევა, როგორც ჩანს, ოჯახიდან გამომდინარე მოხდა…
მოკლედ, სამინისტროში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ლევანი მიხვდა, რომ „სხვაგან” იყო. სიმღერა სწყუროდა, მის გარეშე ვერ ძლებდა. ამიტომ, იმ სამსახურს თავი დაანება და უკვე ერთად ვცადეთ რაღაცების გაკეთება, ბენდით შევკრიბეთ. ზრდის და ძიების პროცესში ვიყავით.
მიუხედავად ამისა, აქ რეალიზების საშუალება ნაკლებად მიეცა და გადაწყვიტა, ძალები უცხოეთში მოესინჯა. მოსკოვში იქაურ „ვოისზე” გამოვიდა და სხვათა შორის, წარმატებით. იმის მერე ეტაპობრივად ბევრს მიაღწია. იქ მეტად აღიარეს და როგორც მომღერალი შედგა. ქართული ნიშა თავიდანვე დაიჭირა და ბოლომდე არც დაუკარგავს. თავიდან რესტორანში მუშაობდა, სადაც ურთულესი პერიოდები გაიარა. მთელი ოჯახი აქ იყო და ის კი იქ სრულიად მარტო. ყველაფერი ასე 6 წელი აგურ-აგურ აშენა…
ბოლოს ძალიან კარგი ბენდი ჩამოაყალიბეს და ისინიც ქართული რეპერტუარით განვითარდნენ. უკრავდნენ მუსიკას ინტერპრეტაციით და თანამედროვე ექსპერიმენტული თემატიკით. საკმაოდ დიდი წარმატებას მიაღწიეს. მოგზაურობდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ყველგან წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. ძალიან უნდოდა, კონცერტი საქართველოშიც ჩაეტარებინა. თუმცა ერთი სიურპრიზი დაბადების დღეზე ნათესავს კი გაუკეთა – ყვარელში ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. კარგი საღამო მოვაწყეთ, რამაც სტიმული მეტად მისცა და მაგ პროფილით გრანდიოზული კონცერტის მოწყობაზე მუშაობა, ფიქრი ერთად დავიწყეთ.
გარდაცვალების შესახებ, დეტალები ნამდვილად არ ვიცით. თუ არ ვცდები, ექსპერტიზა მოსკოვში ჩაუტარდა. მერე ჩვენმა დიასპორამ იქ დიდი პატივი მიაგო, ტაძარში დაასვენეს და იქიდან გამოასვენეს. ახლა მის ცხედარს ვლადიკავკაზით მოასვენებენ. გამოსვენება 26 ივნისს, კვირას სიონის ტაძრიდან მოხდება”, – ამბობს დათო ლონდარიძე.
წყარო: ambebi.ge