წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში 33 წლის ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა. მომხდარის ზუსტ მიზეზს პოლიცია ადგენს, ადგილობრივები კი ორ ვერსიაზე საუბრობენ.
გარდაცვლილი 33 წლის თეონა დოღონაძეა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.
“ყვირილის ხმა გავიგონეთ, გავედით და ვნახეთ, თეონა დამწვარი იყო, ცეცხლი ეკიდა ფეხებზე და ხელებზე. გონზე იყო, თავად ავიდა სასწრაფოს მანქანაში. რა მოხდა არ ვიცით, მეუღლემ წაუკიდა თუ უბედური შემთხვევა იყო, ამას გამოძიება დაადგენს. ბავშვები იყვნენ ადგილზე და მათ იციან, რა მოხდა. გუშინ ჩხუბი არ გაგვიგია, თუმცა ადრე კამათი ჰქონდათ, მაგრამ სერიოზული არაფერი” – განაცხადეს მეზობლებმა.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 116-ე და 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.