ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგო გარდაიცვალა. ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
ფაქტს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.
„ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება“,- ამბობს პრემიერი.
ფაქტს დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა.
„უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ ყველა. გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“.
რა თქმა უნდა, შეამოწმეს, პროექტი დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ, გუშინ გაიხსნა“,- განაცხადა კახა კალაძემ.