დღეიდან ქვეყანაში სამი ცვლილება ამოქმედდება:
“პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც 1-ელ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე.
ასევე დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლში შეეძლებათ.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
1 აპრილიდან მომხმარებელს რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტის შედარება შეეძლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 6 იანვრის ბრძანებაშია აღნიშნული.
“საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება, რათა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყოს მისთვის ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტ(ებ)ის შედარება.
ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთი საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ ამგვარ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, ამ პუნქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, მომხმარებელს სათანადოდ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფინანსო პროდუქტი დამოუკიდებლად არ არის ხელმისაწვდომი,“- აღნიშნულია ბრძანებაში.