რას წერს უცხოელი ჟურნალისტი, რომელმაც შემთხვევით კვარაცხელიასთან ერთად იმგზავრა

რას წერს უცხოელი ჟურნალისტი, რომელმაც შემთხვევით კვარაცხელიასთან ერთად იმგზავრა

ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე თვის წინ სტამბოლის აეროპორტში ბერძნული გაზეთის, ONEMAN-ის ჟურნალისტი აკის კასუდასი შეხვდა. მათ შემთხვევით ერთად იმგზავრეს.

ჟურნალისტი კვარასთან შეხვედრის მომენტს დეტალურად იხსენებს.

“სანამ ბორტზე ავიდოდი, ყველა კონტროლის გავლის შემდეგ სკაზე დავჯექი და მობილურში რაღაცების დათვალიერება დავიწყე. წამით ამოვიხედე და ჩემგან რამდენიმე მეტრში დავინახე კაპიუშონში და სათვალეში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც საოცრად ჰგავდა ხვიჩა კვარაცხელიას. სწრაფადვე მივხვდი, რომ ეს მამაკაცი არა თუ ჰგავდა, არამედ თავად კვარაცხელია იყო.

გამბედაობა მოვიკრიბე და სელფის გადაღების სათხოვნელად მივედი. არ მაინტერესებს, დამთანხმდება თუ არა. თუმცა, ის ძალიან უშუალო იყო. მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა ის საერთოდ ვერ შეამჩნიეს. შესაძლოა იმიტომაც, რომ მგზავრების უმეტესობა შუახნის კორეელი ტურისტები იყვნენ და მის შესახებ ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

როდესაც ჩასხდომის დრო ახლოვდებოდა. ის და მისი ოჯახის წევრები უფრო მომიახლოვდნენ და ჩემთან ახლოს მდებარე სკამებზე დასხდნენ. საკუთარ თავს ვუთხარი – „არ შეიძლება მას ინტერვიუ სთხოვო“. თუმცა, ამას მაინც ვაკეთებ. მივმართავ მამამისს – „ერთი წუთით“. როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, სიცილი დაიწყო, ხვიჩას მიუბრუნდა და ქართულად რაღაც ჰკითხა. შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და თავაზიანად მითხრა – „არა.“

სამწუხაროდ, ის ვერ დაგელაპარაკება, რადგან „ნაპოლისთან“ პრობლემები შეექმნება“. ეს ჩემთვის სრულიად გასაგები იყო. ისღა დამრჩენოდა, დავმჯდარიყავი და მის მოძრაობებს დავკვირვებოდი. სამოსი, რომელსაც ის ატარებდა, ძალიან უბრალო იყო, არა მოდური, თუმცა, აშკარად ძვირად ღირებულად გამოიყურებოდა. ის ხშირად ამოწმებდა მობილურ ტელეფონს, მოიხმარდა Instagram-ს და მესიჯობდა WhatsApp-ზე, ბევრს ესაუბრებოდა თავის პარტნიორს. მთელი ოჯახი მის გვერდით იყო. და-ძმა, ბიძაშვილები, ძმისშვილები, მშობლები.

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ბოლო გამბედაობა მოვიკრიბე და მაინც მივედი. ვუთხარი – „იცით, ეს არ არის ინტერვიუ, მაგრამ ნება მომეცით გკითხოთ: გახსოვთ ის მატჩი, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაატარეთ?“ იცინის და მპასუხობს – „დიახ“. მეც ვუთხარი – „შენ ჩინებული იყავი“, მან კი მიპასუხა – „ძალიან დიდი მადლობა“. გაიხადა კაპიუშონი და მოიხსნა სათვალე. ამ დროს კიდევ უფრო უშუალო გახდა და ყველას, ვისაც მასთან სურათის გადაღება უნდოდა, უარი არავის უთხრა. მათ შორის იყვნენ მისი თანამემამულეებიც, რომლებიც ნეაპოლში მის საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.

ერთი ბავშვი იყო, რომელიც მასთან მისვლას ყოყმანობდა, თუმცა, მშობლებმა ძალით მიიყვანეს, ხვიჩა კი მას გადაეხვია. მამამისი ამ ყველაფერს თვალცრემლიანი უყურებდა. სადაცაა თვითმფრინავი აფრინდება, მე კი ვგრძნობ, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეისზე ვიმყოფები. მსოფლიოში ყველაზე მაგარ ფეხბურთელთან ერთად მგზავრობა უბრალო ამბავი ნამდვილად არ არის.

ორი საათის შემდეგ სტამბოლში ჩავფრინდით. როდესაც პასპორტკონტროლს გავდიოდით, მის გვერდით ვიდექი. შემდეგ იქვე, ტელეფონის დასატენად დავჯექი და ისევ ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა. ჩანთიდან ნეაპოლში ნაყიდი დროშა ამოვიღე, რომელზეც კვარაცხელიაც იყო გამოსახული და ხელის მოწერა ვთხოვე, სურვილი მაშინვე შემისრულა.“ – წერდა ასუდასი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *