მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზში, 2023 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე ლიონელ მესისთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით, ამ ეპიზოდმა მისი წარმოდგენა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით მთლიანად შეცვალა:
“მესისთან შეხვედრა იყო ისტორია, რომელიც შეიძლება არ დამიჯეროთ. ამის შემდეგ ლეო ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა. ოქროს ბურთის დაჯილდოებისას მესი ჩემგან მარჯვნივ იჯდა. ფეხბურთელებს გვითხრეს, რომ სარეკლამო პაუზისას არ გვემოძრავა და ადგილი არ დაგვეტოვებინა.
უცებ, მესი ადგა და წარმოდგენა არ მქონდა, ეს რატომ გააკეთა. ჩემსკენ წამოვიდა, ვიყურებოდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ხელი გამომიწოდა, დავიბენი უცებ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, რის შემდეგაც თავის ადგილზე დაბრუნდა. ამხელა ფეხბურთელი რომ დგება და გამარჯობის სათქმელად შენთან მოდის, არ ვიცი, მაგარი პიროვნებაა და ძალიან ვაფასებ”, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერნეტ გადაცემაში “არ გაჩერდე, უგულშემატკივრე საქართველო”, რომელიც საქართველოს ბანკის სპონსორობით გადის.