„კურიერი P.S“ – ი გარდაცვლილის დას, ანა აბრამიძეს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ნახვა არ სურს და მას არც სიკვდილს უსურვებს.
„ჩემ დას ყოველთვის უნდოდა, გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა. ახლა ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოზიციაში მიწევს საუბარი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია კესო, ვერც წარმოვიდგენდი, მას თუ რამე დაემართებოდა“, – ამბობს ანა აბრამიძე.
ანას თქმით, ოჯახმა, ბექა ჯაიანის დაკავებამდე იცოდა, რომ დამნაშავე სწორედ ის იყო.
„მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი და ეს ყველაზე მეტად მიხარია. მილიონი ადამიანი დაადასტურებს და იციან, რომ მხოლოდ მასზე შეიძლება ეჭვის მიტანა. სხვა არავინ არ არსებობს, ვინც ამ სისასტიკეს ჩაიდენდა. მასზე არაფერი არ დამიწერია და არც მითქვამს. ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
მისი არც სიკვდილი, მინდა, მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს“. – ამბობს ანა.
ოჯახმა იცოდა, რომ ბექა ჯაიანი მოძალადე იყო და არ მოსწონდათ. ამის გამო კესარია დას ბევრ რამეს უმალავდა.
„რაღაც დეტალები არ ვიცოდი. მე მხოლოდ დაშორებებზე მწერდა, მერე რატომ ურიგდებოდა, არ ვიცი“, – ამბობს ანა „კურიერი P.S“ – თან საუბარში.