მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტრანსლაციას მაყურებელს ექსკლუზიურად პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შესთავაზებს. მატჩების ნახვა და მოსმენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე: პირველი არხი, პირველი არხი სპორტი, საქართველოს რადიო და პირველი არხის სტრიმინგ პლატფორმა 1tvplay.
„საქართველოს პირველი არხი, როგორც ყოველთვის, დიდ და ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებს სთავაზობს მაყურებელს. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ელოდება, მთელი თვის განმავლობაში საზოგადოება მატჩების ნახვას შეძლებს ექსკლუზიურად ჩვენს ყველა პლატფორმაზე“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში წელს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.
2025 წელს ჩემპიონატი, ახალი გაფართოებული ფორმატით, პირველად ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 32 გუნდი ფიფას ექვსი კონფედერაციიდან – აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია, აზიის ფეხბურთის კონფედერაცია, ოკეანეთის ფეხბურთის კონფედერაცია, კონკაკაფ-ი, კონმებოლ-ი, უეფა.
წყარო: 1tv.ge