საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ თუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა,
რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი. ასევე დაჭრილია რამდენიმე პირი, მათგან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.
“იოლის” მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა” – ჰყვებიან ადგილობრივები.
გრდაცვლილები არიან ასევე 30 წლამდე ასაკის ზაზა ჩიხლაძე და 35 წლამდე ასაკის დავით ნასრაძე. ისინი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ნასრაძე საგარეჯოში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. ასევე დაღუპულები არიან ნოდარ რჩეულიშვილი და ზაქრო მათიაშვილი.
რაც შეეხება ყოფილ სამხედროს, რომელმაც მოქალაქეებს ესროლა – 49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
“თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ იცის“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ათუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.
“თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.