ცნობილია რას მოიმოქმედებს პუტინი 9 მაისს

ცნობილია რას მოიმოქმედებს პუტინი 9 მაისს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „განკითხვის დღის“ გაფრთხილებას გაუგზავნის დასავლეთს, როცა ის 2022 წლის 9 მაისს, ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმს ჩაატარებს და რუსეთის იარაღის დემონსტრირებას მოახდენს, უკრაინაში მისი ჯარის ბრძოლის ფონზე.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

სააგენტოს წერს, რომ ღრმა დასავლური იზოლაციის ფონზე, მას შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრის ბრძანება გასცა, პუტინი წითელ მოედანზე ჯარების, ტანკების, რაკეტებისა და კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების აღლუმის წინაშე სიტყვით გამოვა.

ვასილი ნეტარის ტაძრის თავზე გადაიფრენენ ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტუ-160 სტრატეგიული ბომბდამშენები და, პირველად 2010 წლის შემდეგ, ილ-80 თვითმფრინავი სახელწოდებით – „განკითხვის დღე“, რომელიც, ატომური ომის შემთხვევაში, რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას გადაიყვანს – წერს სააგენტო Reuters-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ამ სცენარით, ილ-80 უნდა იქცეს მმართველ ცენტრად რუსეთის პრეზიდენტისთვის. თვითმფრინავი სავსეა ტექნოლოგიებით, მაგრამ კონკრეტული დეტალები რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

კრემლის 69 წლის ლიდერმა არაერთხელ შეადარა უკრაინაში ომი იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საბჭოთა კავშირი, როცა 1941 წელს ქვეყანაში ადოლფ ჰიტლერის ნაცისტები შეიჭრნენ.

„აგრესორის დაშოშმინების მცდელობა „დიდი სამამულო ომის“ წინა დღეს აღმოჩნდა შეცდომა, რომელიც ძვირად დაუჯდა ჩვენს ხალხს“, – თქვა პუტინმა 24 თებერვალს, როცა გამოაცხადა, როგორც თავად უწოდებს, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში.

„ასეთ შეცდომას ჩვენ მეორედ აღარ დავუშვებთ, არ გვაქვს ამის უფლება“.

წითელ მოედანზე 11 000 სამხედრო ჩაივლის და ასევე, როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, წარმოდგენილი იქნება მძიმე სამხედრო ტექნიკის 131 ერთეული.

9 მაისის წინ, მოსკოვსა და დასავლეთში ხმა გავრცელდა, რომ პუტინი რაღაც სახის საგანგებო განცხადებას ამზადებდა უკრაინასთან დაკავშირებით – შესაძლოა, ომის პირდაპირ გამოცხადებას ან თუნდაც საყოველთაო მობილიზაციას.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ეს მოსაზრებები უარყო ოთხშაბათს და მათ „სისულელე“ უწოდა. კრემლმა უარი თქვა თხოვნაზე, გაეკეთებინა კომენტარი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება თქვას პუტინმა სიტყვით გამოსვლისას წითელი მოედნის ტრიბუნიდან, ვლადიმირ ლენინის მავზოლეუმის წინ“, – იტყობინება სააგენტო.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *