150 ლარიანი სახელმწიფო სტიპენდია ყოველთვიურად – ნახეთ რომელი სტუდენტები ისარგებლებენ

150 ლარიანი სახელმწიფო სტიპენდია ყოველთვიურად – ნახეთ რომელი სტუდენტები ისარგებლებენ

წარმატებულ სტუდენტებზე სახელმწიფო სპეციალურ სტიპენდიებს გასცემს. იგი სემესტრულად გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და თვეში 150 ლარს შეადგენს. ხოლო კონკრეტულ კრიტერიუმებს, თუ ვის გადასცენ იგი, თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ და წინასწარ წარუდგენენ სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ წლების წინ “პრეზიდენტის სტიპენდია” გაიცემოდა, თუმცა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ეს პროგრამა შეიცვალა და ახლა “სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” ჰქვია, რომლისთვისაც ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 

თუმცა, გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებისა, შესაძლოა სტუდენტებს მუნიციპალიტეტების მიხედვით, დამატებით აფინანსებდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც, კრიტერიუმებსა და გაცემისწესებს კონკრეტული მუნიციპალიტეტები ადგენენ და თუ ფიქრობთ, რომ წარმატებული სტუდენტი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ქალაქისა თუ რაიონული ცენტრის მერიას ან გამგეობას მიმართოთ.

რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ისინი თავად ადგენენ სტიპენდიების გაცემის წესს.


როგორ გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სემესტრულად ერთ სტუდენტზე სტიპენდია 150 ლარს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად გამოყოფს კონკრეტულ რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველსაყოფად.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესის მიხედვით, სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა (თითოეულ საგანში არანაკლებ 81 ქულისა) და წინა სემესტრში შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე 100 ქულიანი სისტემით: ა) აკადემიური მოსწრება – შეფასდება 80 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით, რომელიც გამრავლდება 80–ზე და გაიყოფა 100–ზე.
გარდა ამისა, სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრული ქულებით ფასდება და დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


როგორ გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია ილიაუნში

“სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის ერთიან საუნივერსიტეტო რეიტინგში წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, მოიპოვონ სასწავლო სტიპენდია. ილიაუნის სტიპენდიატთა შერჩევა სასწავლო წლის განმავლობაში ხდება ორჯერ – სემესტრის დასაწყისში, გასული სემესტრის ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის მონაცემების მიხედვით. ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგი წელიწადში 2-ჯერ, სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე დგება. სახელმწიფო სტიპენდია გადაეცემა ილიაუნის ყველაზე წარმატებულ იმ რაოდენობის სტუდენტებს, რა რაოდენობის სასტიპენდიო ადგილებიც გამოყო სახელმწიფომ. სტიპენდიის რაოდენობა ამ შემთხვევაშიც 150 ლარია.


როგორ გაიცემა სტიპენდია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც განგვიცხადეს, რომ სახელმწიფო სტიპენდია ფაკულტეტების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობაზე, რეიტინგში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე გაიცემა.


როგორ გაიცემა სტიპენდია ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი I, II, III და IV წლის საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტებს ასევე 150 ლარს გადასცემს. მაგალითად, ამ წლის შემთხვევაში, სტუდენტები 2022 წლის პირველი მარტიდან 2022 წლის პირველ აგვისტომდე 5 (ხუთი) კალენდარული თვის განმავლობაში მიიღებენ კუთვნილ ჯილდოს. ამავე წლის მონაცემები ფაკულტეტების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


როგორ გაიცემა სტიპენდია ქუტაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საფაკულტეტო სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შესაბამის ფაკულტეტის/სკოლის საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის მეხუთე სემესტრიდან. გარდა ამისა, ამავე უნივერსიტეტში დამატებით არსებობს საუნივერსიტეტო სტიპენდია და რექტორის სტიპენდია, რომელთა გაცემის წესზე ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნივერსიტეტი თავად, ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელმწიფო სტიპენდიის გაცემის წესს და დაინტერესების შემთხვევაში, ინფორმაციისთვის კონკრეტულ უნივერიტეტს უნდა მიმართოთ. სახელმწიფო სტიპენდია მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიცემა. კერძო უნივერსიტეტებს სტუდენტთა წახალისების თავიანთი განსაზღვრული წესი აქვთ და სხვადასხვა კომპონენტს ითვალისწინებენ.

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *