“დღეს დილით, ამ ბზობა დღეს, მძიმე ამბავი შევიტყვე..” – ახლახანს ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

“დღეს დილით, ამ ბზობა დღეს, მძიმე ამბავი შევიტყვე..” – ახლახანს ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

“დღეს დილით, ამ ბზობა დღეს, მძიმე ამბავი შევიტყვე..” – ახლახანს ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო პოსტს აქვეყნებს :

“დაგვიანებული მოფერება!

დღეს დილით, ამ ბზობა დღეს, მძიმე ამბავი შევიტყვე – ალეკო გეწაძე გარდაიცვალა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
მე მისი პირველი სპექტაკლი მახსოვს – ალექსანდრე ჩხაიძის “ჩემი ეიფელის კოშკი” გოგი თოდაძის დადგმით, სადაც მსახიობთა დიდ თანავარსკვლავედში – ვახტანგ ნინუას, იაკობ ტრიპოლსკის, გივი ბერიკაშვილის, ელენე ყიფშიძის გვერდით მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გამოჩნდა ახალგაზრდა მსახიობი, არაჩვეულებრივი გარეგნობითა და საოცრად დამამახსოვრებელი, უჩვეულო ხმის ტემბრით. მალევე მედეა კუჭუხიძემ ლალი როსებას “სიყვარულის მზე” დადგა, სადაც ცოტნე ტაბუცაძეს თამაშობდა. ალბათ არ მიწყენს ელენე ყიფშიძისა და ირაკლი უჩანეიშვილის სულები, რომელნიც ამ სპექტაკლში თამაშობდნენ, მაგრამ ალეკო უპირობო ლიდერი იყო ამ წარმოდგენის და ყველა აღიარებდა, რომ თეატრს არაჩვეულებრივი არტისტი შეემატა.
როცა ასეთი წარმატებით იწყებ, ამ წარმატებას მოფრთხილება უნდა. სამწუხაროდ, დღეს როცა ერთგვარ შეჯამებას ვახდენ მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრებისას, მართლაც ისევ და ისევ ეს ორი როლი ამომიტივტივდა გონებაში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა მნიშვნელოვანი არაფერი შეუქმნია – რასაკვირველია შექმნა – თუნდაც დათო ანდღულაძის “გრაალის მცველნში” სერგო ორჯონიკიძეს თამაშობდა. ხუთწუთიან ეპიზოდში მთელი სიმძაფრით ვლინდებოდა ამ ავაზაკი კაცის ბუნება. ისე ოსტატურად იყო შექმნილი სახე, რომ არ მახსენდება სპექტაკლი (რომელშიც თავადაც ვთამაშობდი), ალეკო ტაშით არ დაეჯილდოვებინოს მაყურებელს, ან იგივე “ქაქუცა ჩოლოყაშვილში” (ლევან წულაძის დადგმა) მის მიერ შესრულებული ავქსენტი, როგორი სახიერი და საინტერესო პერსონაჟი იყო… ან მისი ივანე სანდრო ელოშვილის “ჯაყოში”… თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე – გაიხარჯა დრო და ცხოვრება. რა დასანანია, რომ ვერ მოხდა მისი შემოქმედებითი აღმასვლა. ამას თავად ვერავის ვერ აბრალებდა, საკუთარი თავის გარდა, რადგან დიდი დრო გაუცდა… ჯერ კიდევ ახალგაზრდას, ერთ-ერთი ფილმის გადაღებაზე ფეხი მოტყდა, რამაც დიდხანს ფორმიდან ამოაგდო, შემდეგ იყო პატარა გაუმართლებლობები, თვითონვე ხუმრობდა რა ბედი მაქვს თეატრში კლდიაშვილის ორი პიესა და “ანა კარენინა” განაწილდა, ამ იმერელ კაცს, იმერელი კაცის როლი არ მანდეს და ტუშკევიჩი მომცეს ტოლსტოიშიო. ყველა ვერ ახერხებს თავისი დროის დალოდებას, ყველა ვერც უძლებს ამას. ალეკომ კი ისე ღირსეულად გაიარა ეს მძიმე გზა, რომ მასზე ნაწყენი ადამიანი არ დაუტოვებია მის კოლეგებში. პირიქით, დატოვა ზღვა სიყვარული, დატოვა დიდი იუმორი, რომლის გარეშეც საერთოდ რთულია ალეკოს გახსენება და დატოვა სევდა – ნიჭიერი კაცის გაუმართლებლობაზე, რომელსაც გაცილებით მეტის შექმნა შეეძლო. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობდა ჩვენს გვერდით კაცი, თხემით ტერფამდე ქართველი, ღმერთის მიერ ბოძებული ერთი სიცოცხლე მხოლოდ სიყვარულში, მოყვასის მოფერებასა და გვერდში დგომაში რომ გალია და წავიდა ამ ქვეყნიდან ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა. პირადად მე, ვერასდროს დავივიწყებ მას, როგორც უფროს მეგობარს, კეთილისმსურველსა და უკიდურესად თავმდაბალს. ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ ასეთია რეალობა – ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი, უბოროტო, ალალ-მართალი კაცის სული. მის მეგობრებსა და კოლეგებს მუდამ ემახსოვრებათ კაცი, რაღაცნაირი “ბუხუნა” ხმით, თვითირონიით, მისთვის დამახასიათებელი “ცელქობებით”, სკაბრეზული პოეზიით და დიდი სიყვარულით.”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *