“ამას ვეღარაფერს ვუშველით“ – ლევან კობიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს

“ამას ვეღარაფერს ვუშველით“ – ლევან კობიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ესპანეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასა და მარტის თამაშებისთვის მზადებაზე „იმედის“ ეთერში დიმა ობოლაძესთან ისაუბრა.

„ცხადია, დაშვებული იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რაც სამწუხარო ფაქტია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი არის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა და, შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე. თუმცა, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ცუდია, ეს ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა ამას ვეღარაფერს ვუშველით. მოცემულობა გვაქვს ის, რაც არის. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ზუსტად იმაზე გავაკეთოთ აქცენტები, რომ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს 21 მარტს და ზუსტად ამ თამაშამდე მოვედით ამ ერთიანობით. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მარტში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძლიერი, მობილიზებული გუნდი გვეყოლება მოედანზე, რომელიც ამ თამაშის მოგებას შეძლებს. დარწმუნებული ვარ და მჯერა ჩვენი გუნდის, ნებისმიერი ჩვენი ფეხბურთელის და ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 21 მარტს ჩვენი გუნდი დაამარცხებს ლუქსემბურგის ნაკრებს და 26-ში უკვე ხვიჩასთან ერთად ვითამაშებთ ფინალს და მივაღწევთ იმ წარმატებას, რომელზედაც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს“, – ამბობს კობიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღებული სამი ყვითელი ბარათის გამო ხვიჩა კვარაცხელია მარტში, პლეიოფის ნახევარფინალს გამოტოვებს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *